რუსი ექსპერტი ქართველ ჟურნალისტებს - დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ, შეგიძლიათ, აკეთოთ ნებისმიერი სისულელე
„საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანდება, თქვენ ნატო-ს წევრობის გზაზე არ ხართ, ეს საკითხი დასრულებულია“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარემ, რუსმა ექსპერტმა სერგეი კარაგანოვმა მიუნხენში, ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით რუსეთი იცავს საკუთარ ინტერესებს. კარაგანოვის განმარტებით, რუსეთი ხელს არ უშლის საქართველოს ევროპულ ასოცირებას, მაგრამ არის პრინციპული საკითხები, რასაც არ დათმობს.
„თუკი თქვენ აპირებთ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ წახვიდეთ, ეს თქვენი არჩევანია. თქვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ, შეგიძლიათ აკეთოთ ნებისმიერი სისულელე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ”,- ამბობს რუსი ექპერტი.
საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარეს მაგალითად ბალტიის ქვეყნები მოჰყავს, რომლებმაც, მისი მტკიცებით, ნატო-ში გაწევრიანებით დაუშვეს შეცდომა და აღმოჩნდნენ რუსეთისა და ნატო-ს დაპირისპირების წინა ხაზზე. მისივე მტკიცებით, მსოფლიოში იზრდება ომის საფრთხე.
„რეალურად, არა – აუცილებლად ნატო-სა და რუსეთს შორის, მაგრამ ზოგადად მსოფლიოში იზრდება ომის საფრთხე”, – ამბობს რუსი ექსპერტი.
რაც შეეხება საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, კარაგანოვის განცხადებით, რუსეთმა გაარკვია, რომ ეს კავშირები საფრთხის შემცველია.
„რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი და როცა, თქვენ არ აპირებთ ნატო-ში გაწევრიანებას. ნატო-ს წევრობით თქვენ საკუთარ თავს საფრთხეს უქმნით, ეს უეჭველია. ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის საზღვრებთან მდებარეობს და რომლებიც შევიდნენ ნატო-ში, რა თქმა უნდა, ახლა, ობიექტურად, გრძნობენ თავს უფრო მეტად დაუცველად და ნაკლებად უსაფრთხოდ, ვიდრე მანამდე”, – განაცხადა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარემ, რუსმა ექსპერტმა, სერგეი კარაგანოვი.