რუსი დეპუტატი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური ხასიათი აქვს და შესაძლოა, რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
რუსი დეპუტატი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური ხასიათი აქვს და შესაძლოა, რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური ხასიათი აქვს და შესაძლოა, რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში, რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კლიშასმა განაცხადა.

ანდრეი კლიშასის თქმით, რუსეთის კონსტიტუციაში გათვალისწინებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის მიხედვით, საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლოა, არ აღსრულდეს.

კლიშასმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა აღნიშნული მექანიზმი უკვე არა ერთხელ გამოიყენა და სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალური ანალიზის შემდეგ, შესაძლებელი იქნება რუსეთის ფედერაციის პოზიციის განხილვა, ყველა გარემოების გათვალისწინებით.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე  – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში უნდა ჩაურიცხოს.