რუსი დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუცია შესაძლოა, თბილისში წარმოქმნილი კონფლიქტის გაგრძელების მცდელობა იყოს
რუსი დეპუტატი ანდრეი კლიმოვი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის მიღებას გამოეხმაურა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კლიმოვმა რუსულ მედიასთან მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რუსეთს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, უფლება აქვს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.
როგორც ანდრეი კლიმოვმა აღნიშნა, ეს მათი უფლებაა, რომელიც პირდაპირ გაერო-ს წესდებიდან მომდინარეობს.
„ჩვენთვის ეს ისტორია დასრულდა. ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს“,- განაცხადა ანდრეი კლიმოვმა ინტერვიუს დროს და დაამატა, რომ აღნიშნული რეზოლუცია შესაძლოა, თბილისში წარმოქმნილი კონფლიქტის გაგრძელების მცდელობა იყოს.
ანდრეი კლიმოვის განმარტებით, ქართულმა მხარემ, ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, მეზობლებთან აუცილებლად უნდა დაიწყოს დიალოგი.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღეს.
26 პუნქტიანი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება და რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ, ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გუქმებისკენ მოუწოდებს.