რუსეთში, უკრაინასთან მოსაზღვრე კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში მოხალისეთა რაზმებს იარაღს ურიგებენ
უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქში მოხალისეებს იარაღს დაურიგებენ. როგორც რეგიონის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, საბრძოლო იარაღით უზრუნველყოფენ მოხალისეთა სახალხო რაზმებს, რომლებიც, მისი თქმით, დამატებით დახმარებას უწევენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, როსგვარდიას, პოლიციას და მესაზღვრეებს.
„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით მოხალისეთა სახალხო რაზმების საბრძოლო იარაღით უზრუნველყოფის საკითხზე. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მექანიზმი ვიპოვეთ. აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მიერ შექმნილია ყველა პირობა მისი შენახვისთვის. პირველი პარტია უკვე შემოვიდა ბაზაზე. უახლოეს მომავალში იარაღის რაოდენობას 300 ერთეულამდე გავზრდით“, – დაწერა გუბერნატორმა ტელეგრამარხში.
მანამდე იარაღი დაურიგდათ ბელგოროდის ოლქში ტერიტორიული თავდაცვის რაზმებს. მოხალისეებს გადასცეს ავტომატები და დრონების საწინააღმდეგო იარაღი.
როგორც კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ტერიტორიული თავდაცვის რაზმების შეიარაღება კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მიმდინარეობს და წარმოადგენს უკრაინის მხრიდან თავდასხმების ფონზე აუცილებელ ზომას.