რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია - ლიპეცკის ოლქში ავარიის მიზეზი ბუნებრივ პირობებს უკავშირდება, გზა იყო მოყინული
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსულის, ზვიად ტატიშვილის ინფორმაციით, ლიპეცკის ოლქში ავტობუსის ავარიის მიზეზი ბუნებრივ პირობებს უკავშირდება.
როგორც ტატიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან მიიღეს ინფორმაცია, რომ გზა მოყინული იყო.
ამასთან, როგორც ტატიშვილი ამბობს, ავტობუსში სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. მისივე ცნობით, ორივე დაღუპული საქართველოს მოქალაქეა.
„ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა ავტობუსი რეისით მოსკოვი-თბილისი. მგზავრობდა 19 ადამიანი. დაღუპულია ორი და დაშავებულია რვა პირი. დაშავებულებს, რა თქმა უნდა, აღმოუჩნდათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილები არიან სტაციონარში. დაშავებულებიდან ამ ეტაპზე შევძელით მხოლოდ სამი პირის იდენტიფიცირება, როგორც საქართველოს მოქალაქეების. ავტობუსში ასევე იყვნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. რაც შეეხება გარდაცვლილებს, სამწუხაროდ, ორივე დაღუპული საქართველოს მოქალაქეა.
დაშავებულების მდგომარეობას რაც შეეხება, ორი პირის მდგომარეობა მეტნაკლებად მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი დაახლოებით ერთი საათის წინ ლიპეცკის საოლქო საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენების საავადმყოფოს ზუსტი მონაცემები არ გვაქვს. საქმე აღძრულია და ბუნებრივია, გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ავარია უკავშირდება ბუნებრივ პირობებს. როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან მივიღეთ ინფორმაცია, გზა იყო მოყინული“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს ზვიად ტატიშვილმა.
ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე სტანოვლიანსკისრაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა.