რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო ჯგუფში 75 ადამიანი შედის. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში სენატორებს, დეპუტატებსა და იურისტებს შორის სპორტისა და შოუბიზნესის ვარსკვლავების სახელებიცაა, მათ შორის სპორტსმენი ელენა ისინბაევა, მსახიობი ვლადიმირ მაშკოვი და მწერალი ზახარ პრილეპინი.
ვლადიმერ პუტინი ახალშექმნილ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრას დღეს გამართავს.
რუსეთის პრეზიდენტმა დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 15 იანვარს, ფედერალური კრებისადმი ყოველწლიურ მიმართვაში ისაუბრა.