რუსეთში პატიმრის წამების ბრალდებით, ციხის ექვსი თანამშრომელი დააკავეს
რუსეთში, პატიმრის წამებაში ბრალდებული, ციხის ექვსი თანამშრომელი დააკავეს. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, დადგენილია ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც მსჯავრდებულ ევგენი მაკაროვის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იყო პატიმრის წამება. ინციდენტი იაროსლავის კოლონიაში მოხდა. ჩანაწერში ჩანს, რომ ციხის თანამშრომლის ფორმაში ჩაცმული პირები მსჯავრდებულს ხელკეტებით სცემენ და რამდენჯერმე ასხამენ წყალს.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.
იაროსლავის რეგიონის ომბუდსმენმა განაცხადა, რომ პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე სამსახურიდან გაათავისუფლეს ციხის 17 თანამშრომელი. მომხდარის გამოძიება გრძელდება.