რუსეთში, ერთ-ერთ სკოლაში მოზარდი მოსწავლეებსა და მასწავლებელს თავს ნაჯახით დაესხა. დაჭრილია შვიდი ადამიანი. თავდასხმა დღეს დილით, ბურიატიაში, ულან უდეს რაიონში მდებარე სკოლაში მოხდა.
სამართალდამცავების ცნობით, მოსწავლე მეცხრე კლასელია. ის მეშვიდე კლასში ნაჯახით შეიჭრა და მოსწავლეებს დაესხა თავს. შემდეგ კი, საკლასო ოთახში ცეცხლი გააჩინა.
“ინტერფაქსის” ცნობით, მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი იყო. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.
როგორც იტყობინებიან, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მათ სკოლა ალყაში მოაქციეს. ექიმების ცნობით, დაზარალებულებიდან ექვსი ბავშვი და ერთი პედაგოგია.
მომხდარის დროს ევაკუირებული იყო 500 ადამიანი. ბურიატიის განათლების მინისტრის ბრძანებით, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.