რუსეთში გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
რუსეთში გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთში გერმანიის ელჩი გეზა ანდრეას ფონ გეიერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ელჩს გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევებაზე საპასუხო ზომებს გამოუცხადებენ.

შეგახსენებთ, ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 4 დეკემბერს გერმანიიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევეს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის მიზეზი ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში რუსეთის მხრიდან თანამშრომლობაზე უარი გახდა.

შეგახსენებთ, დაკავებული მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა. გერმანიის პროკურატურა ვარაუდობს, რომ მკვლელობის უკან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დგას. მოსკოვში განაცხადეს, რომ გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევებას ანალოგიური ზომებით უპასუხებდნენ.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარიზში ნორმანდიული სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრაზეც განიხილეს. მოგვიანებით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარე გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

ვლადიმირ პუტინმა კი ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელად და მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიხსენია.