რუსეთში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო კენჭისყრის ფინალური დღეა
რუსეთში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო კენჭისყრის ფინალური დღეა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო რუსეთში ხმის მიცემის პროცედურა 25 ივნისს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ჩატარდა.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება. თუ ამომრჩეველთა უმეტესობა საკონსტიტუციო შესწორებებს მხარს დაუჭერს, კონსტიტუციაში ცვლილებები შედეგების ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან შევა ძალაში.
ხმის მიცემის ძირითადი დღის დაწყებამდე რუსეთის მოქალაქეებს რუსეთის პრეზიდენტმა მიმართა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
საერთო სახალხო კენჭისყრა რუსეთში 22 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტი მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის ვადების განულების შესაძლებლობას მისცემს. ამგვარად, ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას 2036 წლამდე შეძლებს.