რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული კონფლიქტი შესაძლოა, უფრო მასშტაბურ შეტაკებაში გადაიზარდოს
რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი ფოლად ბულბულოღლი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული კონფლიქტი შესაძლოა, უფრო მასშტაბურ შეტაკებაში გადაიზარდოს.
„აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავება არც ახალია და არც სენსაციური. მე არაერთხელ ვთქვი, ასევე პრეზიდენტმა ალიევმა არა ერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არასდროს შეეგუება საკუთარი ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვას. როგორ ფიქრობთ, ათმილიონიანი, მდიდარი, განვითარებული ინფრასტრუქტურის, შეიარაღებული ქვეყანა, დაუშვებს რომ მისი ტერიტორიები განუსაზღვრელი ვადით იყოს ოკუპირებული? ეს ხომ შეუძლებელია“, – განაცხადა ბულბულოღლიმ.
ელჩის თქმით, მშვიდობიან მოლაპარაკებებს არანაირი შედეგი არ აქვს.
„ვიდრე აზერბაიჯანის ტერიტორიები ოკუპირებულია, ასეთი ინციდენტები გარდაუვალია. ჩვენ ამას ვამბობდით 2016 წელსაც, როდესაც აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ბევრი ქვეყანა, ჩვენი მეზობლები, ამ კონფლიქტის გაყინვას ცდილობენ, რომ ის უსასრულოდ გაგრძელდეს. მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის არ უნდა იმართებოდეს. თუ მათ შედეგი არ აქვთ, ბუნებრივია, იქნება სამხედრო მოქმედებები. აუცილებელია, ერთხელ და სამუდამოდ მკაფიო იყოს პოზიცია. საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯარისკაცების გაყვანაზე. ვიდრე ისინი იმყოფებიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასეთი კონფლიქტები გაგრძელდება და ერთ დღესაც შესაძლოა, მასშტაბურ ომში გადაიზარდოს, რომელიც კატასტროფული იქნება მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა ელჩმა.