რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში ბრუნდება
რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ სალივანი კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში ბრუნდება.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სალივანი რუსეთში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება.
ამერიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა განსაკუთრებით გასულ კვირას დაიძაბა, როდესაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
ჯო ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, აშშ ქვეყნიდან აძევებს ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან.
ამასთან, სანქციები უწესდება 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობისთვის.
ასევე, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ობლიგაციების შეძენა ან რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხის გაცემა.
ამასთან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კომპანია „სოლარვინდის“ წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს აკისრებს.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთან და კანადასთან პარტნიორობით, სანქციები დაუწესა რვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ ყირიმში რუსეთის მიმდინარე ოკუპაციასა და რეპრესიებთან.