რუსეთში აკრძალული ფილმი „სტალინის სიკვდილი“ საქართველოს კინოთეატრებში გავა
რუსეთში აკრძალული ფილმი „სტალინის სიკვდილი“ საქართველოს კინოთეატრებში გავა. მისი ნახვა მაყურებელს 1-ელი თებერვლიდან შეეძლება.
ბრიტანელი რეჟისორის არმანდო იანუჩის ფილმი დიქტატორის სიცოცხლის უკანასკნელ საათებსა და მისი გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირში ძალაუფლებისთვის დაწყებულ ბრძოლას, კომედიურ ჟანრში ასახავს.
რუსეთში ფილმის საწინააღმდეგო განცხადებები სახელმწიფო სათათბიროში გაკეთდა, ჩვენება კი კულტურის სამინისტრომ აკრძალა. რუსეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყნის წინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლისა და საინფორმაციო ომის ნაწილია.
აკრძალვის შემდეგ, მოსკოვში მდებარე კინოთეატრ „პიონერში“ ფილმის ჩვენება მაინც შედგა. თუმცა მეორე დღეს ადგილზე პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ, ხელმძღვანელობამ კი „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება შეაჩერა და მაყურებლებს ბილეთებში გადახდილი თანხა დაუბრუნა.