რუსეთში აცხადებენ, რომ ყირიმში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობბაზა იწვის
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიაში, ნავთობბაზა იწვის. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით რუსული სააგენტოები იუწყებიან. ხელისუფლება ხანძრის მიზეზს არ ასახელებს, თუმცა რამდენიმე საათის წინ ტელეგრამ-არხები ყირიმზე უკრაინული დრონების თავდასხმის შესახებ იუწყებოდნენ.
„ფეოდოსიის ნავთობბაზაზე გაჩნდა ხანძარი, მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბრიგადები, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან“, — ნათქვამია ფეოდოსიის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს.
ტელეგრამში ვრცელდება ხანძრის ამსახველი ვიდეო, რომელიც საგზაო ნიშნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გადაღებულია ფეოდოსიის მეზობელი დასახლების, ბერეგოვოეს გარეუბნიდან.
ცნობისთვის, აღნიშნული ნავთობბაზა, სადაც 32 სხვადასხვა ზომის რეზერვუარია განთავსებული, ფეოდოსიის აღმოსავლეთ ნაწილში, ბერეგოვოესთან ახლოს მდებარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნავთობბაზაზე დარტყმა დაადასტურა.
ფეოდოსიის ნავთობბაზა არის უდიდესი ყირიმში ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მოცულობით, რომლებიც ასევე გამოიყენება რუსეთის არმიის მომარაგებისთვის. ტერმინალის რეზერვუარების მოცულობა 250 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. სულ ნახევარკუნძულზე ორი ასეთი ტერმინალია, მეორე მდებარეობს სევასტოპოლში.
დღეს ღამით, რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები იტყობინებოდნენ ყირიმის სხვადასხვა ობიექტებზე დრონებით თავდასხმის შესახებ. თუმცა ეს შეტყობინებები ძირითადად ეხებოდა ევპატორიისა და სევასტოპოლის რაიონებს.
უკრაინული ტელეგრამ-არხი „ყირიმის ქარი“ თავის გამომწერებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფეოდოსიაში აფეთქებები ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:30 საათზე გაისმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დილის ცნობაში ამტკიცებს, რომ ღამის განმავლობაში ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის რამდენიმე ოლქის თავზე ჩამოგდებულ იქნა 21 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ყირიმის თავზე ჩამოაგდეს 12 დრონი, კიდევ ექვსი – კურსკის ოლქის თავზე და თითო-თითო ბელგოროდის, ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქების თავზე.
ფეოდოსიის ნავთობბაზაზე გაჩენილ ხანძარს სამინისტრო არ ახსენებს.