რუსეთში აცხადებენ, რომ ლიბანში პეიჯერების მასობრივი აფეთქება დიდი კონფლიქტის გაღვივების მცდელობაა, ასეთი სცენარები კი თავიდან უნდა იქნეს აცილებული
პეიჯერების მასობრივი აფეთქება ლიბანში არის დიდი კონფლიქტის გაღვივების მცდელობა, ასეთი სცენარები თავიდან უნდა იქნას აცილებული – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ეს არის საშინელი ტერორისტული აქტი, თავისი ცინიზმით, თავისი მასშტაბებით, მსხვერპლითა და დაღუპულთა დიდი რაოდენობით.
„აშკარაა დიდი კონფლიქტის გაღვივების მცდელობა, ჩვენ ვხედავთ, როგორ მიიწევს ვითარება, ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანი დაპირისპირებისკენ, როდესაც ადამიანების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად ყველა შესაძლებლობას იყენებენ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას“ რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა. ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ პეიჯერებში ასაფეთქებელი მოწყობილობა ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ, „მოსადმა“ ჩადო.