რუსეთში აცხადებენ, რომ ხმეიმიმის სამხედრო ბაზიდან ბირთვული შესაძლებლობის მქონე ბომბდამშენების ოპერირების საშუალება აქვთ
რუსეთის განცხადებით, ხმეიმიმის სამხედრო ბაზიდან ბირთვული შესაძლებლობის მქონე ბომბდამშენების ოპერირების საშუალება აქვს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სირიაში ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე, „Ту-22М3”-ის ტიპის სამი სტრატეგიული ბომბდამშენები დაეშვა. ბაზის აეროდრომზე მსგავსი ტიპის თვითმფრინავების ბაზირება პირველად მოხდა. „Ту-22М3”-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები ხმელთაშუა ზღვის საჰაერო სივრცეს აითვისებენ და სხვადასხვა სასწავლო დავალებებს შეასრულებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე დასრულდა მეორე ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია, ასევე გაიზარდა ასაფრენი ბილიკის სიგრძე. აღნიშნული სამუშაოებით, განხორციელდა აეროდრომის შესაძლებლობების გაფართოება, რაც სხვადასხვა კლასის თვითმფრინავების მიღების და მომსახურების შესაძლებლობას იძლევა. ამრიგად, აღნიშნული საჰაერო ბაზიდან ფრენის განხორციელება, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების ყველა ტიპის თვითმფრინავს შეუძლია, მათ შორის მძიმე კლასის თვითმფრინავებსაც, რომლებსაც ბირთვული შესაძლებლობები გააჩნიათ.
ყველა დაკისრებული დავალების შესრულების შემდეგ, ბომბდამშენები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნდებიან.