რუსეთში აცხადებენ, რომ ღამით მოსკოვსა და რამდენიმე რეგიონს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს
რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვსა და სხვა რეგიონებში ათეულობით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის, სულ მცირე, 14 მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა. შედეგად, რამენსკოეში ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის მერმა, სერგეი სობინიანმა გაავრცელა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ 05:23 საათზე რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 დრონი ჩამოაგდეს პოდოლსკის, რამენსკოეს, ლუბერეცის, დომოდედოვოსა და კოლომნას საქალაქო ოლქებში. რამენსკოეში დაზიანდა მრავალსართულიანი სახლები. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 46 წლის ქალი დაიღუპა.
მოსკოვზე განხორციელებული შეტევის დროს რუსეთის დედაქალაქის აეროპორტებში რეისების მიღება და შესრულება დროებით შეწყდა. დაიხურა ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და დომოდედოვოს აეროპორტები. გაუქმებულია დაახლოებით 45 რეისი.
ამასთან, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე 59 დრონი გაანადგურეს. როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბოგომაზმა თავის ტელეგრამარხზე განაცხადა, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კალუგის ოლქშიც.