რუსეთში აცხადებენ, რომ ღამით მოსკოვსა და რამდენიმე რეგიონს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს
რუსეთის დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს, – ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს ლიპეცკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების ხელმძღვანელებმა, ასევე მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა.
სობიანინის განცხადებით, დედაქალაქისკენ ცხრა დრონი მიემართებოდა, რომლებიც ჰაერშივე ჩამოაგდეს. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაზარალებულა და ნგრევა არ ყოფილა.
ამასთან, მოსკოვზე განხორციელებული შეტევის დროს რუსეთის დედაქალაქის აეროპორტებში რეისების მიღება და შესრულება დროებით შეწყდა. სულ შეფერხდა 74 ფრენა, 43 თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. ამას გარდა, მოსკოვში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც სირთულის უმაღლესი კატეგორია მიანიჭეს. მეხანძრეები მის ჩაქრობას ცდილობენ.
ასევე, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა 26 დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
ლიპეცკის ოლქის ხელმძღვანელმა, იგორ არტამონოვმა კი გაავრცელა ცნობა, რომ დრონები გაანეიტრალეს გრიაზინსკის, ლიპეცკისა და სტანოვლიანსკის რაიონებში.
ადგილობრივმა გუბერნატორებმა ასევე განაცხადეს დრონების განადგურების შესახებ რიაზანის, ვორონეჟისა და ტვერის ოლქების ტერიტორიებზე.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ქალაქთან მიახლოებისას „რამდენიმე საჰაერო სამიზნის“ ჩამოგდების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის მოგერიების შემდეგ მაისკის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა, ხოლო ბელგოროდში, კერძო სახლის ტერიტორიაზე „სამეურნეო ნაგებობა“ დაინგრა, დაზიანდა ორი კომერციული ობიექტის ფასადი და შესასვლელები, ასევე სამი მანქანა დაიწვა პარკინგზე. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.
ტულის ოლქის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა საკუთარ ტერიტორიაზე სამი დრონის ჩამოგდების შესახებ.
მოსკოვის ოლქის სამხრეთით მდებარე კავშირის საქალაქო ოლქის ხელმძღვანელმა, მიხაილ შუვალოვმა კი თავის ტელეგრამარხზე დაწერა, რომ პირველი სექტემბრის ღამეს კავშირის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე სამი დრონით თავდასხმის მცდელობა განხორციელდა.
„მსხვერპლი და ნგრევა არ არის, ხანძარი არ გაჩენილა. ელექტროენერგია გამართულად მიეწოდება მომხმარებლებს“, -განაცხადა გუბერნატორმა.
ამასთან, თვითმხილველები აქვეყნებენ ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც, სავარაუდოდ, ასახულია ხანძარი ტვერის ოლქის კონაკოვოს თბოელექტროსადგურში.
ადგილობრივი მცხოვრებლები „ტელეგრამში“ წერენ, რომ ელექტროსადგურს ღამით ხუთი ან ექვსი დრონი დაესხა თავს. რეგიონის გუბერნატორმა, იგორ რუდენიამ განაცხადა, რომ კონაკოვოს რაიონში ხუთი დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ქვეყნის რეგიონებზე სულ 158 დრონი ჩამოაგდეს, მათგან ორი – მოსკოვის, შვიდი კი მოსკოვის ოლქში. გარდა ამისა, სამინისტროს მონაცემებით, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს 46 უპილოტო საფრენი აპარატი, ბრიანსკის ოლქში – 34, ვორონეჟის ოლქში – 28, ბელგოროდის ოლქში – 14 და რიაზანის ოლქში – რვა.
კალუგის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს ხუთი დრონი, ლიპეცკის ოლქში – ოთხი, ტულის ოლქში – სამი, ტამბოვისა და სმოლენსკის ოლქებში – ორ-ორი, ორლოვის, ტვერისა და ივანოვოს ოლქების ტერიტორიებზე კი თითო-თითო უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.