რუსეთსა და უკრაინას შორის „მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გახანგრძლივდა
რუსეთსა და უკრაინას შორის „მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გახანგრძლივდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი წერს.
კუბრაკოვმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეთანხმების დაცვისთვის.
მისი თქმით, უკრაინის პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიო ბაზარზე 25 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის მიწოდება გახდა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, მანამდე რუსული მხარე აცხადებდა, რომ თანახმაა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე, ოღონდ მხოლოდ 60 დღით. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. ნოემბერში შეთანხმების ვადა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 18 მარტს იწურებოდა.