რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული რუსი ჯაშუშების შვილებმა არ იცოდნენ, რომ რუსები არიან
რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული ცოლ-ქმრის ბავშვებმა არ იცოდნენ, რომ რუსები არიან.
როგორც „ბიბისი“ წერს, არტემ და ანა დულცევების 8 და 11 წლის შვილებმა მხოლოდ რუსეთში დაბრუნების შემდეგ შეიტყვეს, რომ ეროვნებით რუსები არიან.
მეუღლეები სლოვენიაში ცხოვრობდნენ და არგენტინელებად ასაღებდნენ თავს.
„ბიბისი“ წერს, რომ ბავშვები რუსულ ენაზე არ საუბრობენ და საერთოდ არ იცოდნენ, ვინ იყო ვლადიმერ პუტინი.
რუსეთის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ბავშვები თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ მშობლებს ეკითხებოდნენ, თუ ვინ არის ის კაცი, რომელიც აეროპორტში დახვდათ.
არტემ და ანა დულცევები პირველ აგვისტოს დასავლეთის შვიდ ქვეყანასა და რუსეთს შორის პატიმართა მასშტაბური გაცვლის შედეგად სამშობლოში დაბრუნდნენ. სლოვენიაში მათ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ჰქონდათ ბრალი წაყენებული. აეროპორტში მათ ვლადიმერ პუტინი დახვდათ. რუსეთის პრეზიდენტი დულცევების შვილებს ესპანურ ენაზე მიესალმა.
გავრცელებული ცნობით, წყვილი სლოვენიაში 2017 წელს ჩავიდა. მათ არგენტინული პასპორტები ჰქონდათ. არტემ დულცევს IT კომპანია ჰქონდა, ხოლო ანა დულცევას – ხელოვნების ონლაინ გალერეა.
ისინი სლოვენიაში 2022 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
კრემლში განაცხადეს, რომ დულცევების შვილები არგენტინაში დაიბადნენ და მშობლების ეროვნების შესახებ არაფერი იცოდნენ.
„ასე მუშაობენ ფარული აგენტები. მათ უწევთ მსხვერპლზე წასვლა“, – განაცხადა პესკოვმა.