რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ
რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ. ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე, სადაც მათი თვითმფრინავი დაეშვა, მათ ოაჯხის წევრები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდნეი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დახვდნენ.
გათავისუფლებულ ამერიკელებს შორის არიან „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, ასევე ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, რომელიც რუსეთში 2018 წლიდან იყო დაპატიმრებული.
ენდრიუსის ბაზაზე მედიასთან საუბრისას ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოკავშირეებს, რომლებისთვისაც ეს იყო ყველაზე რთული გამოწვევა.
„მე ვთხოვე მათ, გაეკეთებინათ ისეთი რაღაცები, რაც მათ უშუალო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. განსაკუთრებით გერმანიას და სლოვენიას“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთში დაპატიმრებული პირების გათავისუფლება შესაძლებელი გახდა „ნდობისა“ და „ურთიერთობების“ საფუძველზე.
ამერიკული მედია წერს, რომ ეს რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის ყველაზე მასშტაბური პროცესი იყო „ცივი ომის“ შემდეგ. პატიმრების გაცვლა ანკარაში შედგა. გაცვლის პროცესში სულ 26 პირი მონაწილეობდა.
რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცა 16 ადამიანი, მათ შორის, ამერიკელების გარდა, არიან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა, ასევე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები და უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი. მინსკმა გაათავისუფლა პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ შეწყალებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი. სანაცვლოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს გადასცეს რვა პირი, რომლებიც ნატო-ს ქვეყნებში იხდიდნენ სასჯელს. მათ შორის არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვენიისა და გერმანიის ლიდერებს და მადლობა გადაუხადა რუსეთთან პატიმრების გაცვლის პროცესში მათი პარტნიორობისთვის.