მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) პრეზიდენტის თანაშემწემ, რობ კელერმა განაცხადა, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) წევრობის აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული მხარე აღიარებს დამოუკიდებელი ექსპერტის, რიჩარდ მაკლარენის კომისიის დასკვნას. კელერის სიტყვებით, საერთაშორისო ორგანიზაცია რუსეთისგან ამ ნაბიჯს ელოდება .
კელერი ასეთი განცხადებით მას შემდეგ გამოვიდა, რაც RUSADA-ს გენერალურმა დირექტორმა იური განუსმა აღნიშნა, რომ მაკლარენის ანგარიშთან დაკავშირებით სიტუაცია მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.
“ჩვენთვის აუცილებელია მაკლარენის გამოძიების შედეგების აღიარება. WADA მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ამის გარეშე წევრობის აღდგენა შეუძლებელია. აუცილებელია, რომ RUSADA-მ მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთის მთავრობასთან”, – განაცხადა კელერმა.
მანვე ისიც დაამატა, რომ სანამ არ აღდგება RUSADA-ს წევრობა WADA-ში, გამორიცხულია რუსეთში საერთაშორისო ტურნირების ჩატარება.
შეგახსენებთ, რომ მაკლარენის კომისიის გამოძიებით დამტკიცდა რუსულ სპორტში დოპინგის მხარდამჭერი სისტემის არსებობა. ამ სისტემას მხარს უჭერდნენ – RUSADA, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორია, რუსეთის სპორტის სამინისტრო, სპორტული მომზადების ცენტრი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახური.