რუსეთმა ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებს თხოვნით მიმართა, დაეხმარონ შიდა სამგზავრო ავიაგადაზიდვების უზრუნველყოფაში
რუსეთმა ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებს თხოვნით მიმართა, დაეხმარონ შიდა სამგზავრო ავიაგადაზიდვების უზრუნველყოფაში

რუსეთმა ყაზახეთსა და სხვა მეგობარ ქვეყნებს თხოვნით მიმართა, დაეხმარონ შიდა სამგზავრო ავიაგადაზიდვების უზრუნველყოფაში. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა.

მედიის ცნობით, საუბარია ე.წ. საკაბოტაჟო გადაზიდვებზე, რაც უცხოურ ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ფრენები სხვა ქვეყნის შიგნით. რუსეთში ადრე ეს უფლება მხოლოდ ადგილობრივ ავიაკომპანიებს ჰქონდათ.

მინისტრის თქმით, მოსკოვი აწარმოებს მოლაპარაკებებს კაბოტაჟის შესახებ, კერძოდ, ყაზახეთთან, სადაც საავიაციო მობილურობის კოეფიციენტი (ქვეყნის ერთი მცხოვრების მიერ განხორციელებული ავიაფრენების საშუალო რაოდენობა) წელს 35%-ზე მეტით გაიზარდა.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე რუსულ ავიაკომპანიებს 850 თვითმფრინავი ჰყავდათ, ხოლო 2023 წლის დასაწყისისთვის მათი რაოდენობა 736 ლაინერამდე შემცირდა.

მედიის ინფორმაციით, უცხოური ხომალდების ჩანაცვლებას რუსული ხელისუფლება საკუთარი წარმოების ხარჯზე გეგმავდა. 2024 წელს რუსეთში აპირებდნენ 20 Sukhoi Superjet-ის, შვიდი Tu-214-ის, 6 MC-21 ლაინერისა და ორი ტურბოხრახნიანი Il-114-300-ის აწყობას. რეალურად მოხერხდა მხოლოდ ორი Tu-214 და ერთი Il-96-300-ის აწყობა. ამის შემდეგ წარმოების პროგრამა შემცირდა. 2025 წელს, დაგეგმილი 82 თვითმფრინავის ნაცვლად, ახლა მოსალოდნელია მხოლოდ 20 ხომალდის გამოშვება. 2026 წლის გეგმა კი 120 თვითმფრინავიდან 97-მდე შემცირდა.

გასული წლის ბოლოს „როიტერი“ იუწყებოდა, რომ უკრაინასთან ომის დაწყებიდან რუსულმა ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან ერთ ტრილიონ რუბლზე მეტი გამოყო დასავლური სანქციების გამო დაზარალებული სამოქალაქო ავიაციის მხარდასაჭერად. დასავლელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ინვესტიციები საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ საავიაციო პარკის შენარჩუნებისთვის იქნება საკმარისი.