რუსეთმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი
რუსეთმა დილით უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ჩერნიგოვის მერმა ალექსანდრ ლომაკომ განაცხადა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
„ამ დროისთვის დადასტურებულია ინფორმაცია ოთხი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. როგორც მე ვხედავ, ეს მაჩვენებელი, სამწუხაროდ, შეიძლება, ბევრად უფრო მაღალი იყოს“, – განაცხადა ლომაკომ.
უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი, დაზიანებულია შენობები, მანქანები და ინფრასტრუქტურა.
„09:03 საათზე ქალაქში სამი აფეთქება გაისმა, ეს არის არა ზუსტად ქალაქის ცენტრალური ნაწილი, არამედ მჭიდროდ დასახლებული მიკრორაიონი, არის პირდაპირი დარტყმა სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, რვასართულიან შენობაზე“, – განაცხადა ლომაკომ.