რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის თქმით, ოკუპანტებმა გემები გადაიყვანეს ნოვოროსიისკში, თუმცა იქ პატარა პორტს არ შეუძლია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემის განთავსება, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა ამ მიზნით გამოეყენებინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია.
„ოჩამჩირეში – ეს აფხაზეთია – აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რუსებმა იქ ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩაატარეს. სადღაც რეკონსტრუქცია გაუკეთეს პორტის ინფრასტრუქტურას, რათა იქ სამხედრო გემების ბაზირება უზრუნველყონ, მაგრამ ეს ისევ იქნება პატარა ადგილი“, – განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ.