რუსეთმა ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
რუსეთმა ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

რუსეთმა ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე დონეცკის ოლქის ხელმძღვანელი ავრცელებენ ინფორმაციას.

„კიდევ ერთი დღე, რომელიც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით. აგრესორმა სახელმწიფომ ცეცხლი გაუხსნა ჩვენს სლავიანსკს. სამწუხაროდ, არის დაღუპული და სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობების მქონე დაშავებულები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში.

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქის ცენტრზე დღეს დილით „ეს-300“-ის ტიპის ორი რაკეტით განახორციელა იერიში. შედეგად, დანგრეულია ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, ასევე დაზიანდა ხუთი მრავალსართულიანი და შვიდი კერძო სახლი.

პაველ კირილენკოს ცნობით, ამავე დროს რუსეთმა ორი რაკეტა გაისროლა ქალაქ დრუჟკოვკის მიმართულებით, რის შედეგადაც დანგრეულია ბავშვთა სახლი. როგორც ცნობილია, არ არიან დაღუპულები და დაშავებულები.