მოსკოვში ჩეხეთის ელჩი ვიტეზსლავ პივონკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც საგარეო უწყებაში მისვლის შემდეგ ჩეხმა დიპლომატმა განაცხადა, მისი დაბარების მიზეზი ჩეხეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე რუსული მხარის საპასუხო ზომების გამოცხადება იყო. კერძოდ, რუსეთმა ჩეხეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ორმა ჩეხმა დიპლომატმა ოჯახებთან ერთად ქვეყანა 18 ივნისამდე უნდა დატოვოს.
ჩეხეთიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა პრაღის მხრიდან „არამეგობრულ ნაბიჯად“ აფასებს.
პრაღაში რუსეთის საელჩომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ორი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ ნოტა 5 ივნისს მიიღო. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის განცხადებით, რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი რუსეთის საელჩოს თანამშრომლის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია გახდა იმის შესახებ, რომ თითქოს სამი ჩეხი პოლიტიკოსის მოწამვლა იგეგმებოდა.