რუსეთმა მესამე ქვეყნების გავლით იარაღის ექსპორტი გაამარტივა. რუსეთის მთავრობის შესაბამისი განკარგულება 10 მაისს არის გამოცემული. რუსული „ვედომოსტის“ ინფორმაციით, აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის სანქციების გვერდის ასავლელად გადაიდგა.
მანამდე მოქმედი კანონმდებლობით, იარაღის პირველი მყიდველი და ასევე, გადამყიდველი სახელმწიფოც ვალდებული იყვნენ, რუსეთის ფედერალურ უწყებაში წარედგინათ სერტიფიკატი, სადაც უნდა დაფიქსირებულიყო შეიარაღების საბოლოო მიმღები.
ახალი კანონით კი, მხოლოდ რუსეთის შეიარაღების გამყიდველი ქვეყანა იქნება ვალდებული, შეტყობინება გაუგზავნოს რუსეთს. შესაბამისად, საბოლოო მიმღებ ქვეყანას რუსეთთან კონტაქტი არ უწევს. ამგვარად, საბოლოო იმპორტიორი ფორმალურად არ ადასტურებს მოსკოვისგან იარაღის ყიდვას.
რუსეთის მთავრობის განკარგულების განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „უცხო ქვეყნები დაინტერესებული არიან რუსული პროდუქციის ყიდვით, მაგრამ მათ აშშ-ის სანქციების ეშინიათ და ამის გამო, უარს ამბობენ მოსკოვთან გარიგებაზე“.
როგორც „ვედომოსტი“ წერს, ახალი სქემით ისარგებლებენ პატარა ქვეყნები, ხოლო რუსეთის შეიარაღების მთავარ მყიდველებს – ჩინეთი, ინდოეთი, ვიეტნამი, ალჟირი და ეგვიპტე ამერიკული სანქციები ისედაც იგნორირებული აქვთ.
რუსეთის შეიარაღების გაყიდვები ყოველწლიურად 15-16 მილიარდ დოლარს აღწევს.