საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დენის ოსვალდის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო, რუს სკელეტონისტებს – ალექსანდრ ტრეტიაკოვსა და ელენა ნიკიტინას სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ოქროსა და ბრინჯაოს მედლები ჩამოართვეს. ამის შესახებსაერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
გარდა ამისა, ეს სპორტსმენები სამუდამოდ ჩამოაშორეს ოლიმპიადებში მონაწილეობას. იგივე სანქციები გამოიტანეს კიდევ ორ რუს სკელეტონისტზე, რომლებიც სოჭში გამოდიოდნენ – მარია ორლოვაზე და ოლგა პოტილიცინაზე (შესაბამისად, მეხუთე და მეექვსე ადგილები).
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დამნაშავედ სცნო ექვსი რუსი მოთხილამურე – ალექსანდრ ლეგკოვი, ევგენი ბელოვი, მაქსიმ ვილეგჟანინი, ალექსეი პეტუხოვი, ევგენი შაპოვალოვი და იულია ივანოვა.
დენის ოსვალდის კომისია მუშაობს სოჭის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯების გადამოწმებასა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის ხარისხის დადგენაზე.
ამ მომენტისთვის, რუსეთმა უკვე დაკარგა სოჭის ოლიმპიადის ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი.