რუსეთმა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის წესები გაამკაცრა. ცვლილებები დღეიდან, 19 აგვისტოდან შედის ძალაში.
რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთში ჩასულ მგზავრებს ხელბარგსა და ბარგში, ფიტოსანიტარული სერტიფიკატების გარეშე, მხოლოდ ხუთი კილოგრამი ბოსტნეულის და ხილის გადატანა შეეძლებათ.
უფრო დიდი რაოდენობით ხილის, ბოსტნეულის, ყვავილების და ნარგავების შეტანა მხოლოდ ფიტოსანიტარული სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში იქნება ნებადართული. ასეთი დოკუმენტის უქონლობის შემთხვევაში პროდუქციას ან უკან დააბრუნებენ, ან გაანადგურებენ.
მთავრობის განკარგულებაში ჩამოთვლილია ის პროდუქცია, რომელზე კონტროლიც გამკაცრდება. მათ შორის არის პარკოსანი მცენარეები, თხილი, ტომატი, კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა და ა.შ. შეზღუდვა ასევე მოქმედებს საახალწლო ნაძვის ხეზე.