რუსეთმა იტალიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა
რუსეთმა იტალიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია თავდაცვის საკითხებში იტალიის საელჩოს ატაშეს თანაშემწეზე, რომელიც საელჩოში სამხედრო-საზღვაო ძალების ატაშეს თანამდებობას იკავებდა.
რუსეთში იტალიის ელჩი, პასკუალე ტერაჩანო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და შესაბამისი ნოტა გადასცეს, სადაც აღნიშნულია, რომ ატაშეს გაძევება არის პასუხი, იტალიის მთავრობის მიერ რუსეთის სამხედრო ატაშეს მიმართ არამეგობრულ და უსაფუძვლო მოქმედებებზე.
იტალიის საელჩოს თანამშრომელმა რუსეთის ტერიტორია 24 საათში უნდა დატოვოს. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში საელჩოს თანამშრომლის გაძევებას უსაფუძვლოს და უსამართლოს უწოდებს.