რუსეთმა ისრაელი სირიის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო უწყებამ ისრაელის ავიაციის მიერ სირიის ტერიტორიის დაბომბვის გამო შეშფოთება გამოთქვა.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი სირიას მაშინ ბომბავდა, როდესაც დამასკოსა და ბეირუთის აეროპორტში სამოქალაქო თვითმფრინავები ჯდებოდნენ. იერიშის შედეგად დაიჭრა რამდენიმე სამხედრო.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყანაში ირანის პოზიციების გამაგრებას არ დაუშვებს.
„ისრაელი არ შეუშინდება მტკიცე ნაბიჯებს და წითელ ხაზებს დაიცავს“, – დაწერა ნეთანიაჰუმ Twitter-ში.
„ფრანს პრესის“ ცნობით, ისრაელის ავიაციამ 25 დეკემბერს საღამოს დაბომბა სირია. შედეგად, დამასკოსთან ახლოს მდებარე ირანული რაკეტების საწყობი განადგურებულია.