ჰონგ კონგში სარაგბო “ერთა თასი” მიმდინარეობს. მასპინძლები პირველ შეხვედრაში რუსეთს დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, გუნდები ერთმანეთს დინამიურად უტევდნენ. პირველ ტაიმში მატჩის მიმდინარეობას რუსეთი აკონტროლებდა, თუმცა 37-ე წუთამდე ლელოს დადება ვერ მოახერხეს. 37-ე წუთზე “დათვებმა” მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში კარგი მოლი ჩამოაყალიბეს, ლელო მიითვალეს (სელსკი) და ტაიმი 10 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს (ჰონგ კონგი 3:13 რუსეთი).
მეორე ტაიმში უკვე მასპინძლები აქტიურობდნენ და შეხვედრის დასრულებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ანგარიშის გათნაბრებაც მოახერხეს (ლელოს ავტორი – შინგ იუ).
ბოლო სამ წუთში ბურთი რუსებმა მოიგდეს ხელთ და 78-ე წუთზე გატანილი ჯარიმით გამარჯვება მოიპოვეს.
საბოლოო ანგარიში – ჰონგკონგი 13:16 რუსეთი.
რუსეთი მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებს, ხოლო ჰონგკონგი კი მათ მხოლოდ ორი პოზიციით ჩამორჩება.