რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ფრეგატი ატლანტის ოკეანეში გაუშვა
რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით, „ცირკონებით“ აღჭურვილი ფრეგატი ატლანტის ოკეანეში გაუშვა. ფრეგატის, სახელწოდებით „საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვი“, გაშვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ჰიპერბგერით ფრთოსან რაკეტა „ცირკონს“ მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
„აქ და ახლა მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, თავდაცვის ინდუსტრიის კომპლექსის სპეციალისტებს, რომლებმაც შექმნეს და დაიწყეს ამ უნიკალური იარაღის მასობრივი წარმოება. როგორც უკვე ვთქვი, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მძლავრი იარაღი საშუალებას მისცემს რუსეთს, საიმედოდ დაიცვას თავი პოტენციური გარე საფრთხეებისგან და დაგვეხმარება, ვემსახუროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა პუტინმა.
თავის მხრივ, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ფრეგატი ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში, ასევე ხმელთაშუა ზღვაში იცურებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ „ცირკონს“, რომლის სიჩქარე ბგერის სიჩქარეს ცხრაჯერ აღემატება, ნებისმიერი საჰაერო თავდაცვის სისტემის გადალახვა შეუძლია.