რუსეთმა „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის პროცედურები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად პროგრესის მიღწევა შეუძლებელი გახდა.
რუსეთის დუმის ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებით, შეთანხმების მოქმედების შეჩერებაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს და მის ნატოელ მოკავშირეებს ეკისრებათ.
რუსი დეპუტატის განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეებს უნდა აეღოთ ვალდებულება არ გადაეცათ აშშ-სთვის წვდომა ხელშეკრულების შესრულებით მიღებულ ინფორმაციაზე. მანამდე, რუსეთის შეიარაღების კონტროლის საკითხზე მომუშავე დელეგაცია ითხოვდა, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს სადამკვირვებლო ფრენების დროს მიღებული მონაცემების სანდოობა უზრუნველეყოთ.
„ღია ცის შეთანხმება“ 1992 წელს გაფორმდა, რაც ხელმომწერ ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიაზე არასამხედრო სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების საშუალებას აძლევს. 2020 წლის მაისში, აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.
დონალდ ტრამპმა მაშინ თქვა, რომ რუსეთი აშშ-ს გარკვეულ ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად ფრენის საშუალებას არ აძლევდა. აშშ-მა შეთანხმებიდან გასვლის პროცედურები გასული წლის ნოემბერში დაასრულა.