რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის რამდენიმე რეგიონზე შეტევა საავიაციო ბომბებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა
რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის რამდენიმე რეგიონზე შეტევა საავიაციო ბომბებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა

რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთზე გრძელდება. გვიან ღამით რუსეთის ძალებმა შეტევა ზაპოროჟიეზე განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რვა წლის ბიჭი. ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შეტევის შედეგად დაშავდა ორი პირი, მათ შორის 12 წლის გოგონა, რომელიც ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.

ასევე, შეტევა განხორციელდა დნეპრზეც, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა ექვსი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

რუსულმა მხარემ დარტყმები განახორციელა სუმის ოლქზეც, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

თავდასხმები განხორციელდა სხვადასხვა იარაღით, მათ შორის საავიაციო ბომბებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით.