რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა
რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

„გაზპრომმა“ ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ფინეთის ბუნებრივი აირის სახელმწიფო კომპანია „გასუმმა“ დაადასტურა, რომ დღეს 07:00 საათიდან „გაზპრომმა“ ფინეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.

კომპანიის განცხადებით, იგეგმება სარჩელის შეტანა საარბიტრაჟო სასამართლოში.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ფინეთი ბუნებრივი აირის უმეტესი წილის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს, თუმცა მასზე ქვეყნის მთლიანი ენერგიის მოხმარების მხოლოდ 10% მოდის.

ბუნებრივი აირის შეწყვეტა გამოიწვია ფინეთის ხელისუფლების უარმა გადაეხადა გაზის საფასური რუბლში, რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული სქემის მიხედვით.

რუსეთმა გაზის მიწოდება უკვე შეუწყვიტა ბულგარეთს და პოლონეთს, რომლებმაც ასევე უარი განაცხადეს რუსული რუბლით გადახდაზე.