რუსეთმა და უკრაინამ 95-95-ის ფორმულის პრინციპით სამხედრო ტყვეები გაცვალეს.
კიევის მიერ დაბრუნებულ სამხედროებს შორის 13 აზოვსტალის დამცველია.
ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინელი სამხედროების უმეტესობას ჭრილობები და ქრონიკული დაავადებები აქვთ, რომლებიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.
დაბრუნებული უკრაინელი სამხედროების უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფება. გათავისუფლებულთა შორის ასევე არის ჯარისკაცი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
სამხედრო ტყვეების ბოლო გაცვლა, რომელიც ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა, ივნისში განხორციელდა.
ომის დაწყებიდან ეს უკვე 54-ე გაცვლაა, უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა მტრის ტყვეობიდან 3 405 ადამიანის დაბრუნება შეძლო.