რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 75-75 ტყვე გადასცეს. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო თვეების განმავლობაში მხარეებს შორის ეს ტყვეების პირველი გაცვლაა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ის არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგა.
ამასთან, სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე უკრაინის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება, რომ რუსეთმა უკრაინას 212 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა. მანამდე რუსეთის სახელმწიფო დუმაში განაცხადეს, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთს 45 რუსი სამხედროს ცხედარი დაუბრუნა.
მძევლების გათავისუფლება დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც დაბრუნებული უკრაინელი სამხედრო ტყვეების ფოტო გამოაქვეყნა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით, გათავისუფლებულ პირებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები და ოთხი სამოქალაქო პირი. მისი ცნობითვე, დაბრუნებულებს შორის კუნძულ ზმეინიზე ტყვედ აყვანილი 18 ადამიანია, ასევე მარიუპოლის „აზოვსტალის“ ათი დამცველი.