რუსეთმა და თურქეთმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შესაძენად ანკარისთვის კრედიტის გამოყოფის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
რუსეთმა და თურქეთმა ეს-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შესაძენად ანკარისთვის კრედიტის გამოყოფის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, – ამის შესახებ რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში „როსტეხის“ ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა.
თურქეთი სარაკეტო კომპლექსების ნაწილს 2020 წლის პირველ კვარტალში მიიღებს. ჩემეზომის თქმით, კონტრაქტის ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია. აღნიშნული თანხის ნაწილს – 55 პროცენტს თურქეთი რუსეთისგან მიღებული კრედიტით დაფარავს, 45 პროცენტს კი ავანსად გადაიხდის.
აღნიშნული ინფორმაცია თურქულ სააგენტო Anadolu-ს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ნურეთინ ჯანიქლიმაც დაუდასტურა. „ორი სისტემა, საერთო ჯამში ოთხი დივიზიონი. გარიგება დასრულებულია“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
მანამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის კომპლექსების შეძენას იძულებითი ნაბიჯი უწოდა. მისი თქმით, ანკარა ისურვებდა, სარაკეტო სისტემები ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან შეეძინა, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. ილდირიმის თქმით, თურქეთი არ აპირებს, უარი თქვას ალიანსთან ურთიერთობაზე, თუმცა რუსეთთან თანამშრომლობაც აუცილებელია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთისგან ეს-400-ის ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გადაწყვეტილება ივლისში აშშ-მა გააკრიტიკა.