რუსეთმა აშშ უკრაინაში ბიოლოგიური საქმიანობის წარმოებაში დაადანაშაულა, გაერო-ში კი განცხადეს, რომ შესაბამისი მონაცემები არ არსებობს
რუსეთმა აშშ უკრაინაში ბიოლოგიური საქმიანობის წარმოებაში დაადანაშაულა, გაერო-ში კი განცხადეს, რომ შესაბამისი მონაცემები არ არსებობს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ უკრაინაში ბიოლოგიური საქმიანობის წარმოებაში დაადანაშაულა. რუსეთის ელჩის, ვასილი ნებენზიას განცხადებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინა შეხვედრების შემდეგ არაერთი ახალი მტკიცებულება გაჩნდა, რომელიც მოსკოვმა საბჭოს წევრებს გაუზიარა.

რუსი დიპლომატის თქმით, აშშ მიზანმიმართულად ბლოკავს ბიოლოგიური იარაღის კონვენციის რეჟიმის გაძლიერების მცდელობას. ვასილი ნებენზიამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს უარი ახსნა-განმარტებების მიცემაზე, რომელიც ბიოლოგიური საქმიანობის ბუნებასა და ჭეშმარიტ მიზნებს უკავშირდება უკრაინაში და ზოგადად მსოფლიოში.

„ჩვენ კვლავ ვიღებთ უკიდურესად შემაშფოთებელ დოკუმენტურ მტკიცებულებებს, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უშუალოდ არის ჩართული უკრაინაში საშიში ბიოლოგიური პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც აქვთ ფარული სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის ნიშნები. ეს საქმიანობა განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრში და რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე, რაც რეალურ საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და მთელი მსოფლიოს ბიოუსაფრთხოებას. არც უკრაინას და არც აშშ-ს არ გაუგზავნია ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ში“, – თქვა ნებენზიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაერო-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შესახებ მონაცემები არ არსებობს.