რუსეთმა 61 ამერიკელ ოფიციალურ პირს, მათ შორის ხაზინის მდივან ჯანეტ იელენს სანქციები დაუწესა
რუსეთმა 61 ამერიკელ ოფიციალურ პირს, მათ შორის ხაზინის მდივან ჯანეტ იელენს სანქციები დაუწესა.
ინფორმაციას „სიენენი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სანქცირებულებს შორის ასევე აღმოჩნდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები, ვაჭრობის წარმომადგენელი ქეთრინ ტაი და სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმს ო’ ბრაიენი. ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალა რუსეთში შესვლა.
ოფიციალური პირების გარდა, სანქციები დაუწესდა თავდაცვის კომპანიებს, მედია პლატფორმებს, სარეიტინგო სააგენტოებს, ასევე თვითმფრინავებისა და გემების მწარმოებელ კომპანიებს.
როგორც მედია წერს, რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან რუსეთის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებზე, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებზე დაწესებული, მუდმივად მზარდი სანქციების საწინააღმდეგოდ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.