რუსეთმა 24 აპრილიდან შავი ზღვის სამ მონაკვეთში გემების მიმოსვლა აკრძალა
რუსეთმა 24 აპრილიდან შავი ზღვის სამ მონაკვეთში გემების მიმოსვლა აკრძალა

რუსეთმა 24 აპრილიდან შავი ზღვის სამ მონაკვეთში გემების მიმოსვლა აკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 14 აპრილს გამოაცხადა.

შეზღუდვა 31 ოქტომბრამდეა დაწესებული და შეეხება ყირიმის სანაპიროს გასწვრივ აკვატორიას სევასტოპოლსა და გურზუფს შორის, ქერჩის ნახევარკუნძულთან არსებულ მონაკვეთს და ყირიმის დასავლეთ ნაწილთან არსებულ მცირე მონაკვეთს. ქერჩის სრუტე და მისი მისადგომები საზღვაო მიმოსვლისთვის ღია დარჩა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში არაა აღნიშნული, თუ რა მიზეზით იხურება შავი ზღვის რაიონები.

პენტაგონში მოსკოვის გადაწყვეტილება უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასეს.