რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა
რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლებმა რუსეთის ტერიტორია 19 აპრილის დღის ბოლომდე უნდა დატოვონ.

რუსეთის საგარეო უწყებაში ჩეხეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა 17 აპრილს განაცხადა, რომ ქვეყანამ 18 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. პრაღაში ამბობენ, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები სინამდვილეში სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები იყვნენ.

პარალელურად, 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებაში ჩეხეთის მთავრობამ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს დასდო ბრალი. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.