რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას.
ბორელის თქმით, გაერთიანების პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში ირანის მონაწილეობასთან დაკავშირებით ყოველთვის ნათელი იყო და ახლა ევროკავშირი „რეაგირებას მოახდენს სწრაფად და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით“.
„ირანის წინააღმდეგ პასუხი იქნება ახალი და მნიშვნელოვანი შემაკავებელი ზომების გათვალისწინებით, რაც მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც ჩართულნი არიან ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამებში. ამასთან დაკავშირებით განიხილება შემზღუდველი ზომები ირანის საავიაციო სექტორშიც“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ირანული რაკეტების გადაცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ შეაფასა.