რუსეთისა და ირანის ელჩები თურქეთის საგარეო საქმეთ სამინისტროში დაიბარეს
თურქეთის საგარო საქმეთა სამინისტროში რუსეთისა და ირანის ელჩები დაიბარეს.
როგორც თურქული სააგენტო Anadolu იტყობინება, ოფიციალურმა ანკარამ დიპლომატებთან შეშფოთება გამოთქვა სირიის იდლიბის პროვინციაში, დეესკალაციის ზონაში, სამთავრობო ძალების ქმედებების გამო.
თურქული მედიის ინფორმაციით, ბაშარ ასადის მოკავშირეების, რუსეთისა და ირანის ელჩებს თურქეთის ხელისუფლებამ სირიის მთავრობაზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რათა ამ უკანასკნელმა დეესკალაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღარ დაარღვიოს.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, სირიის სამთავრობო ძალების ქმედებები პოლიტიკური დარეგულირების პროცესს აფერხებს.
ჩავუშოღლუს მტკიცებით, სირიის ჯარი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, ზომიერი ოპოზიციის ძალებზე ახორციელებს დარტყმებს.
7 იანვარს იდლიბის პროვინციაში დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი გარდაიცვალა.
სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრმა მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთისა და სირიის ავიაციას დააკისრა.
იდლიბის პროვინციის უმეტეს ნაწილს ზომიერი ოპოზიცია აკონტროლებს.