რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის უნგრეთში შესვლის პროცედურების გამარტივების გამო ლიეტუვის პრეზიდენტმა ბუდაპეშტი ევროპაში უსაფრთხოების რისკების გაზრდაში დაადანაშაულა
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უნგრეთი ევროპაში უსაფრთხოების რისკების გაზრდაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ბუდაპეშტმა ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შესვლის პროცედურები გაამარტივა.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტი აცხადებს, უნგრეთის ასეთი ცალმხრივი გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, შეთანხმებებს და სოლიდარობის პრინციპს.
„უნგრეთი, რომელიც აძლევს აგრესორი ქვეყნის, რუსეთის და აგრესიაში მონაწილე სახელმწიფოს – ბელარუსის მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას, ამ ქმედებით ზრდის უსაფრთხოების რისკებს ევროპაში“, – აცხადებს გიტანას ნაუსედა.
ლიეტუვის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა „როსატომისა“ და ბელარუსი სპეციალისტების მიერ უნგრეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას და მას „საეჭვო პროექტი“ უწოდა.
ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემსუბუქდება. ბუდაპეშტში ამტკიცებენ, რომ გამარტივებული სქემით ის პირები ისარგებლებენ, რომლებიც უნგრეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას.
უნგრეთის მიერ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების გამო ლიეტუვამ საჩივრით ევროკომისიას მიმართა.
საპასუხოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ ლიეტუვის ხელისუფლება უნგრეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში დაადანაშაულა.