რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, აგვისტოს ომის შესახებ რეზოლუციის პროექტი ეუთო-ს სესიის დღის წესრიგში დარჩა
ბერლინში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესია მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომით დაიწყო, რომელზეც საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ რეზოლუციის პროექტი „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ წარადგინა.
რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა განსახილველი საკითხებიდან მისი ამოღება მოითხოვა, რასაც კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა მოჰყვა. ასამბლეის დელეგაციების ხმათა უმრავლესობით – 29 მომხრე, 2 წინააღმდეგი – საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი სესიის დღის წესრიგში დარჩა.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განსახილველად წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავს ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობას“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მოთხოვნის პასუხად.
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საჭიროებას და ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარულის მკვლელობის გამოძიებასა და საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას მოიცავს.