რუსეთის ვიცე-პრემიერი - რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვა სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვას გაზრდის
რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვა სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვას გაზრდის, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა ერევანში, „არმენია ბიზნეს ფორუმის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ოვერჩუკმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიქმნა სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების თანათავმჯდომარეობით, აგრძელებს მუშაობას, ატარებს შეხვედრებს, ბოლო შეხვედრა კი აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართა.
„ყველა მხარეს გადაწყვეტილი აქვს განბლოკოს ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები რეგიონში. რა თქმა უნდა, განიხილება, როგორ გავაკეთოთ ეს, მაგრამ ყველასთვის ცალსახად ნათელია, რომ განბლოკვა, სატრანსპორტო მარშრუტის აღდგენა შექმნის მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის გაფართოებისა და გაზრდისათვის, მათ შორის რუსეთსა და სომხეთს შორის“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.