რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, მოსკოვი გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს
რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, მოსკოვი გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს

რუსეთში აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო თუ დაწესდება, მაშინ მოსკოვი გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა გააკეთა.

„ჩვენ გვაქვს სრული უფლება, რათა საპასუხო ზომები მივიღოთ და დავაწესოთ ემბარგო ბუნებრივი აირის მიწოდებაზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის გაზსადენის მეშვეობით“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, „რუსულ ნავთობზე უარის თქმა მსოფლიო ბაზარს კატასტროფულ შედეგს მოუტანს“. მისი ვარაუდით, ასეთ შემთხვევაში „შავი ოქროს“ ფასი ერთ ბარელზე 300 დოლარს მიაღწევს.

ნოვაკის თქმით, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის ალტერნატივის სწრაფად პოვნა შეუძლებელი იქნება.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ იუწყება, აშშ უკვე სწავლობს შესაძლებლობას, რათა რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო დააწესოს, თუმცა გერმანია და ნიდერლანდები ამ გეგმის წინააღმდეგ გამოდიან.

ამჟამად, ევროკავშირი საჭირო ნავთობის 30%-ს, ხოლო ბუნებრივი აირის 40%-ს რუსეთიდან იღებს.